რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება

არჩევნები რუმინეთში

რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმის მიცემა მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამ ეტაპზე, ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი, ჯორჯ სიმიონი იმარჯვებს. ის უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული და ცნობილია მისი ულტრანაციონალისტური დამოკიდებულებებით.

არჩევნებში ჯამში 11 ჯანდიდატი მონაეილეობს.

გასული წლის ნოემბერში, თავდაპირველ საპრეზიდენტო არჩევნებში კალინ გეორგესკუმ, ულტრამემარჯვენე, ევროკავშირის მოწინააღმდეგე და მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კამპანიაში ფული არ დაუხარჯავს, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 5%-ზე ნაკლები მაჩვენებლის შემდეგ 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები მას შემდეგ გააუქმა, რაც სადაზვერვო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის გავლენის სავარაუდო ფაქტები გამოვლინდა, მათ შორის საარჩევნო IT სისტემაზე კიბერშეტევები და სოციალური მედიის ფართომასშტაბიანი გააქტიურება გეორგესკუს სასარგებლოდ.

გეორგესკუ, რომელიც ნებისმიერ სახის დარღვევას უარყოფდა, თებერვალში გამოძიების ობიექტი გახდა საარჩევნო ფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებისა და ფაშისტური ჯგუფების პოპულარიზაციის ბრალდებებით, ხოლო მარტში მას ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

როგორც ულტრამემარჯვენეების თავდაპირველი კამპანიის დროს, სოციალური მედია, განსაკუთრებით TikTok, ახლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიმიონსს, რომლის პოსტებიც ნაციონალისტურ რიტორიკაზეა დაფუძნებული, აპლიკაციაში 1.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

„ხელახლა დაბადების დრო დადგა. ჩვენი ერი ისევ იპოვის თავის გზას… ჩვენში არის ძალა, რომ ხელახლა დავიბადოთ და წინ წავიდეთ, უფრო გაერთიანებულები და ძლიერები“, – თქვა მან სამშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს გაიმართება.