რუმინეთში, COVID-19-ის დროინდელი საიდუმლო საძმო საფლავი აღმოაჩინეს

კოვიდი

რუმინეთის ქალაქ სლატინაში, ერთ-ერთ სასაფლაოზე, COVID-19-ის პანდემიის პერიოდის ადამიანთა ნეშტებით სავსე საერთო საფლავი აღმოაჩინეს. იქ ადამიანის ძვლებთან ერთად სპეციალურ ტომრებში მოთავსებული, ჯერ კიდევ დაუშლელი ცხედრებიც იპოვეს. - წერს რუმინული პრესა

სამარხი კონსტრუქციის ქვეშ იყო დამალული, რომელიც გარეგნულად საძვალეს ჰგავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, მარიო დე მეძომ, განაცხადა.

აღმოჩენა სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოების დროს მოხდა. მას შემდეგ, რაც მუშებმა ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და ტერიტორიის გათხრები გააგრძელეს.

„სასაფლაოზე გათხრების დროს აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, ასევე ტომრები დაუშლელი ცხედრებით, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ იყო დარჩენილი“, — განაცხადა დე მეძომ.

მისივე თქმით, სპეციალურ ტომრებს დაკრძალვის თარიღებიც ჰქონდა შემორჩენილი, რაც შესაძლოა აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიცირებასა და მათი დაკრძალვის დროის დადგენაში დაეხმაროს.

ქალაქის მერის განცხადებით, ნეშტების ასეთი სახით გადატანა სასაფლაოზე მოქმედ წესებს არღვევდა.

იმ დროისთვის მოქმედი წესების თანახმად, მიტოვებული საფლავებიდან ამოღებული ნეშტი ძველ ადგილზე, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ნიშებში უნდა განეთავსებინათ. მათი საერთო ორმოში გადატანა კი დაშვებული არ იყო.

ამჟამად, აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

ბოლო 16 წლის განმავლობაში სასაფლაოს კერძო კომპანია მართავდა. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ, ტერიტორია სექტემბერში მუნიციპალურ კონტროლს დაუბრუნდა, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყო.

პოლიციამ ნეშტი ამოიღო. გამომძიებლები დაადგენენ მათ წარმომავლობას და იმ გარემოებებს, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ისინი კრიპტის ქვეშ.