რომის პაპი ახალ მიმართვაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის დაცვაზე ისაუბრებს

რომის პაპი

რომის პაპი დღეს ახალ ენციკლიკას წარადგენს - საჯარო წერილს, რომლითაც პაპი მთელ ეკლესიას (ან მის რომელიმე ნაწილს) მიმართავს სამოძღვრო, ზნეობრივ ან სოციალურ საკითხთა თაობაზე. წერილმა მიიღო სახელწოდება Magnifica Humanitas. ენციკლიკას თავად პაპი ლეონ XIV წარადგენს, თუმცა, როგორც წესი, ამას პრესსამსახური აკეთებს ხოლმე.

მედია წერს, რომ წერილის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის დაცვა იქნება.

როგორც გამოცემა Der Spiegel გვახსენებს, პაპი ხელოვნური ინტელექტის შესახებ სიტყვით უკვე გამოვიდა რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში ვიზიტისას, რომლის სტუდენტებიც პონტიფექსს, როგორც პოპ-ვარსკვლავს, ისე შეხვდნენ. ამ გამოსვლაში ლეონ XIV-მ აღნიშნა, რომ სამყაროში გაიმარჯვა დამახინჯებულმა სისტემამ, რომელიც „ადამიანს ციფრების ერთობლიობამდე ამცირებს“. „ჩვენ არ ვართ ალგორითმები“, - აცხადებდა პაპი, რომელმაც თავისი საეკლესიო კარიერის დასაწყისში მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ენციკლიკის შინაარსი პუბლიკაციამდე საიდუმლოდ რჩება. ეკონომიკის პროფესორმა პაოლო გარონამ, რომელიც პაპთან პირადად განიხილავდა ხელოვნური ინტელექტის თემას, გამოთქვა მოსაზრება, რომ პონტიფექსი ახალი ტექნოლოგიების მიმართ დიდ ღიაობას აჩვენებს, თუმცა, ამავე დროს, იგი მონიშნავს „წითელ ხაზებს“ და ჰუმანურობის (ადამიანურობის) დასაცავად დადგება.