„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მანდატის ამოწურვამდე რვა თვით ადრე გაუქმდა

მასკი და ტრამპი

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მანდატის ამოწურვამდე რვა თვით ადრე გაუქმდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

„ის არ არსებობს“, – განუცხადა პერსონალის მართვის ოფისის დირექტორმა, სკოტ კუპორმა მედიასაშუალებას, რომელმაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტატუსის შესახებ ჰკითხა.

კუპორის თქმით, აღნიშნული დეპარტამენტი აღარ წარმოადგენს „ცენტრალიზებულ უწყებას“.

ტრამპის განკარგულების თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს მანდატის ვადა 2026 წლის ივლისში ეწურებოდა. აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი იანვარში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასაწყისში შეიქმნა და მას ამერიკელი მილიარდერი, კომპანიების  X-ისა და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული უწყება ფედერალური სააგენტოების ბიუჯეტებისა და კადრების შემცირებას ხელმძღვანელობდა.

მაისში დონალდ ტრამპთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ ილონ მასკმა ვაშინგტონი დატოვა.

როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ამჟამად მთავრობის ეფექტიანობის ფუნქციების ნაწილს ფედერალური მთავრობის ადამიანური რესურსების ოფისი ითავსებს.

„პრეზიდენტ ტრამპს მიეცა მკაფიო მანდატი, შეამციროს ფლანგვა, თაღლითობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ფედერალურ მთავრობაში და ის აქტიურად აგრძელებს ამ ვალდებულების შესრულებას“, – განუცხადა წერილობით „როიტერს“ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლიზ ჰიუსტონმა.