„როიტერი“: მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის გამო სამხრეთ კორეა ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების მართვაზე შეზღუდვის დაწესებას განიხილავს

ავტომობილი

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის გამო, სამხრეთ კორეა ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების მართვის შეზღუდვის დაწესებას განიხილავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეზღუდვას ქვეყანაში იმ შემთხვევაში დააწესებენ, თუ ნავთობის გლობალური ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, კუ იუნ-ჩეოლის განცხადებით, მთავრობას შეუძლია, გააფართოოს მსუბუქი ავტომობილების გამოყენების შეზღუდვები, თუ ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 120-130 დოლარამდე გაიზრდება.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შეზღუდვა მთელ საზოგადოებაზე თუ გავრცელდება, ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების მართვის შეზღუდვის პირველი შეზღუდვა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, როდესაც მთავრობამ ენერგიის დაზოგვის მიზნით ავტომობილების როტაციის ათდღიანი სისტემა დააწესა.

ამასთან, გასულ კვირას მთავრობამ საჯარო სექტორისთვის დააწესა სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ხუთდღიანი როტაციის სისტემა, რაც სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების მიხედვით გამოყენებას ზღუდავს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამხრეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველოსიპედები გამოიყენონ, კერძო ავტომობილების მართვაზე კი უარი თქვან.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეას ნედლი ნავთობის დაახლოებით 70% ახლო აღმოსავლეთიდან შეაქვს. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის იერიშების დაწყებიდან კი ქვეყანაში სპარსეთის ყურიდან ნავთობის შეტანა მნიშვნელოვნად შემცირდა.