„როიტერი“: ლონდონში ვიზიტისას მარკ რუტე ალიანსის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ გამოაცხადებს

მარკ რუტე

ლონდონში ვიზიტისას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ალიანსის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, რომელიც რუტეს გამოსვლის ტექსტს გაეცნო.

მედიასაშუალების ცნობით, მარკ რუტეს დღეს დაგეგმილი აქვს სიტყვით გამოსვლა ანალიტიკურ ცენტრში „ჩეთემ ჰაუსში“. ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლის ტექსტის თანახმად, იმისთვის, რომ ალიანსმა შეინარჩუნოს საიმედო შეკავება და თავდაცვა, ამას სჭირდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდა.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, როგორ ავრცელებს რუსეთი ტერორს ზეციდან, ამგვარად ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ფარს, რომელიც იცავს ჩვენს ცას. ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ძალა და შესაძლებლობა, რათა განვახორციელოთ სრულად ჩვენი თავდაცვითი გეგმები. ფაქტია, რომ საფრთხე არ გაქრება მაშინაც, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება“, – აღნიშნულია ტექსტში.

ივნისის ბოლოს ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ალიანსი აპირებს თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმების გამოცხადებას. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ.