რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
უკრაინის მისწრაფება, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მიიღოს, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მხრიდან ხისტ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ მიხედვით, ეს იქნება „პანდორას ყუთის“ გახსნა და უკრაინის სწრაფმა მიღებამ შესაძლოა, მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.
უკრაინის პრეზიდენტს სურს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირში 2027 წლამდე გაწევრიანდეს, თუმცა, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, პირად საუბრებში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.
გამოცემის ცნობით, „როიტერი“ ესაუბრა რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს. მათგან ბევრმა მიუთითა ამ იდეის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ შეშფოთებაზე. „როიტერის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ის, რომ უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა მათი დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, შეწყვიტონ რეფორმები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ „როიტერს“ განუცხადა, რომ კიევი მზადაა, გაითვალისწინოს ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებები და გარკვეული გარანტიების შეთავაზებით გამოვიდა. მათ შორისაა მონიტორინგის სისტემის შემოღება დემოკრატიული სტანდარტების დაცვის შესამოწმებლად და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე სრულ წვდომამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება.
კაჩკას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური ვალდებულების აღება მნიშვნელოვანი იქნება.
„ეს აუცილებელია სამშვიდობო პროცესისთვის, ევროპაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე პრემიერმა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა მოიცავს მრავალწლიან დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან. პროცესის ყოველი ეტაპი საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას.
დიპლომატების თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახურულ შეხვედრებზე ამ პროცესის რეფორმირების შეთავაზებით გამოდის. მისი იდეის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ თავიდანვე სრულად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეფორმა, მას უნდა შეეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თუმცა ევროკავშირის ფონდებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე წვდომა შეზღუდული უნდა ჰქონდეს, ვიდრე წევრობის ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ამან შეიძლება, გაამარტივოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ ივარაუდა, რომ უკრაინას მომავალ წელს მაინც შეეძლება, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას, თუმცა რატიფიკაცია და სხვა ეტაპები უფრო ხანგრძლივი იქნება.
„თუმცა, ანალიტიკოსები და დიპლომატები ასეთი გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო მზადყოფნას ვერ ხედავენ, მათ შორის ვერც ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული რეფორმის მიმართულებით“, – წერს „როიტერი“.