საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი
1787851761
ცხარე საკვების მოყვარულებისთვის მეცნიერებს საინტერესო აღმოჩენა აქვთ - წიწაკისგან გამოწვეულმა წვის შეგრძნებამ შესაძლოა ორგანიზმის მიერ სხვა ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა დროებით შეამციროს.
ჩონგკინგის პედაგოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა 48 ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანზე ჩატარებული კვლევა შეისწავლეს. ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოქმედებს პირის ღრუში კაპსაიცინის - წიწაკის სიმხურვალეზე პასუხისმგებელი ნივთიერების ზემოქმედება ტკივილის აღქმაზე.
ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს გარკვეული დროით პირში წიწაკის შემცველი ჟელე ჰქონდათ, შემდეგ კი ხელზე ლაზერული იმპულსებით გამოწვეულ ტკივილს აფასებდნენ. აღმოჩნდა, რომ ძლიერი ტკივილი ცხარე საკვების მიღების შემდეგ ნაკლებად ინტენსიურად და უსიამოვნოდ აღიქმებოდა, მაშინ როცა მსუბუქი ტკივილის შეფასებაში მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა.
მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა კაპსაიცინის მიერ TRPV1 რეცეპტორების გააქტიურება იყოს. ეს რეცეპტორები წვისა და ტკივილის სიგნალების გადაცემაში მონაწილეობენ. მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ ასეთი სტიმულაცია ტვინში ტკივილის შემაკავებელ მექანიზმებს ააქტიურებს.
სწორედ კაპსაიცინის თვისებებს იყენებენ ზოგიერთი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების, მათ შორის კრემებისა და პლასტირების შექმნისას.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხარე საკვები ტკივილგამაყუჩებლის როლს შეასრულებს. კვლევა მცირე მასშტაბის იყო და მხოლოდ ახალგაზრდა მონაწილეებს მოიცავდა, ამიტომ შედეგების ფართოდ განზოგადება ჯერ ნაადრევია.
ამასთან, დიდი რაოდენობით ცხარე საკვებმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. ცხარეს მიმართ ტოლერანტობაც ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში შესაძლოა გაიზარდოს.