როგორ აძლევენ ხმას ასტრონავტები - არჩევნები კოსმოსში

არჩევნები კოსმოსში

არჩევნების ჩატარების შესახებ ბევრი რამ გვსმენია, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხიც, რომელიც ალბათ ცოტამ თუ იცის. საქმე ისაა, რომ ხმის მიცემის პროცესი კოსმოსიდანაც კი შესაძლებელია. ყველაფერი კი 1996 წელს დაიწყო, როდესაც ასტრონავტმა ჯონ ბლაჰამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა. ვინაიდან, ის საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში იმყოფებოდა, საჭირო იყო რაიმე კონკრეტული მექანიზმის შემუშავება.

NASA-ს ამ ყველაფრის განსახორციელებლად გეგმა ჰქონდა, მაგრამ ტექსასის შტატის სახელმწიფო მდივანმა მათ მისი განხორციელების უფლება არ მისცა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კანონში მსგავსი ქმედებისთვის კონკრეტული მუხლი არ არსებობდა. საბოლოოდ, ეს კანონპროექტი 1997 წელს მიიღეს და დევიდ ვულფი გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც არჩევნებში ხმა კოსმოსიდან, ელექტრონულად მისცა. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ხმის მიცემის მსგავსი სისტემა დღემდე მოქმედებს. მაგალითად, ასტრონავტმა, კეტლინ რუბინსმა საკუთარი არჩევანი ამ გზით უკვე ორჯერ, 2016 და 2020 წლებში დააფიქსირა.

საინტერესოა, თუ როგორ ხორციელდება ეს პროცესი - პირველ რიგში, კოსმონავტმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს. ამით ის ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხმა საარჩევნო უბნის გარეთ უნდა მისცეს. შემდეგ, ის სპეციალურ ბიულეტენს ითხოვს, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ელექტრონულად ავსებს და ამგვარად, საკუთარ მოქალაქობრივ პოზიციას აფიქსირებს.

ბუნებრივია, ბიულეტენები დაშიფრულია და მათში არსებული ინფორმაცია დედამიწის ორბიტაზე მოძრავი სადგურის ელექტრონულ სისტემაში იტვირთება. ამის შემდეგ, ისინი NASA-ს მონაცემების გადაცემის სატელიტურ სისტემას ეგზავნება. ეს უკანასკნელი კი, ინფორმაციას დედამიწაზე მდებარე ბაზის სიხშირისკენ უშვებს. ამ ადგილიდან აღნიშნული ინფორმაცია ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრს ეგზავნება. მოგვიანებით კი, ბიულეტენები კონკრეტულ ოლქებში ელექტრონულად ნაწილდება.

თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში კოსმონავტები საარჩევნო ხმას სხვა ადამიანის დახმარებით აძლევენ. მაგალითად, 2017 წელს ფრანგმა ასტრონავტმა, ტომას პესკემ საკუთარი ხმა, მისი კოლეგის მეშვეობით დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, რომ 5 ნოემბერს ამერიკაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. NASA-ს ასტრონავტი სუნიტა უილიამსი კი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხმის მისაცემად ემზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სუნიტასთვის მსგავსი გზით არჩევნებში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. მან საკუთარი პოზიცია კოსმოსიდან 2012 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დააფიქსირა.