Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე 1-დან 3 თვემდე დაიხურება, ევროპის გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს

ევროპის გაზი

ნორვეგიულ კომპანია Equinor-ზე დაყრდნობით, როგორც "როიტერი" წერს, ევროპას შესაძლოა გაზის კრიტიკული დეფიციტი შეექმნას, თუ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხება ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება.

მარაგების დაგროვების შენელების მიზეზად, გამოცემა ასახელებს მცირე რეზერვებს და დამახინჯებულ ფასებს.

"ევროპაში მიწისქვეშა საწყობები და მიწისზედა გაზის ავზები 35%-ზე ოდნავ მეტით არის სავსე, რაც სეზონურ ნორმებზე დაახლოებით 50%-ით ნაკლებია", - იუწყება "როიტერი".

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ოქტომბრისთვის რეზერვების 90% უნდა დააგროვონ, მაგრამ მიმდინარე ფასებისა და მიწოდების ნაკლებობის გათვალისწინებით, ეს არარეალურად გამოიყურება.

"თუ ომი ხვალ დასრულდება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაზიდვები სწრაფად აღდგება, შესაძლოა მივაღწიოთ მისაღებ, თუმცა რთულ, 75%-იან დატვირთვის დონეს. მაგრამ თუ დახურვა ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება, სიტუაცია შეიძლება კრიტიკული გახდეს", - განაცხადა Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰელე ოსტერგაარდ ქრისტიანსენმა.

ევროპული გაზის ფასები მარტში უკვე გაიზარდა და მეგავატ/საათში 74 ევროს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის იანვრიდან. ამჟამად ისინი 50 ევროს გარშემო მერყეობს, მაგრამ ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ კრიზისი გაგრძელდება, მოხმარება მკვეთრად უნდა შემცირდეს.

"მაღალმა ფასებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გაზის მოხმარება - ნახშირზე გადასვლის, განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის და სამრეწველო მოთხოვნის შემცირების გზით", - განმარტა Equinor-ის გაზით ვაჭრობის ვიცე-პრეზიდენტმა პედერ ბიორლანდმა.