REUTERS: სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკულ წარმომადგენლობებს, გადახედონ პროგრამებს, რომლებიც ოჯახის დაგეგმვის, გენდერული იდენტობისა და ტრანსგენდერთა უფლებების შესახებ დაფინანსებას ითვალისწინებს

სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით ამერიკულ წარმომადგენლობებს დაავალა, გადახედონ დახმარების ყველა პროგრამას და დარწმუნდნენ, რომ პროგრამები ახალ მკაცრ წესებს აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ახალი წესები კრძალავს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც მუშაობენ ოჯახის დაგეგმვაზე, მრავალფეროვნებაზე ან იმაზე, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია „გენდერულ იდეოლოგიას“ უწოდებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირას გააფართოვა ე.წ. მექსიკო სიტის პოლიტიკა, რომელსაც მოწინააღმდეგეები „გლობალური გაჩუმების წესს“ უწოდებენ, რადგან, მათი აზრით, ის აბორტის უფლებების დამცველებს აჩუმებს.

მედიის ცნობით, ეს პოლიტიკა თავდაპირველად მხოლოდ აბორტზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ ახლა აკრძალავს დაფინანსებას იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიაზე, ასევე გენდერულ იდენტობასა და ტრანსგენდერების უფლებებზე. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ წესების ქვეშ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარება ექცევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, დეპარტამენტის განყოფილებებმა და წარმომადგენლობებმა უნდა დაიწყონ მათ მიერ განხორციელებული დახმარების პროექტების შეფასება.  ახალი წესები, რომლებიც 26 თებერვალს ამოქმედდება, შევა ყველა ახალ გრანტსა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, დაემატება არსებულ პროექტებსაც ახალი დაფინანსების მიღებისას.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი შეტყობინების შეტყობინების თანახმად, ოფიციალური პირები ელოდებიან, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია არ დაემორჩილება პოლიტიკას და უარს იტყვის ამერიკული დაფინანსების მიღებაზე.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გასცემს შეზღუდულ გამონაკლისებს, რათა ახალი წესების დანერგვამ არ „შეაფერხოს სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელი პროგრამები, კატასტროფებზე რეაგირება და სხვა კრიტიკული პრიორიტეტები“.

ახალი წესების თანახმად, უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, გამოიყენონ არა მხოლოდ ამერიკული დახმარება, არამედ არაამერიკული დონორების დაფინანსებაც აკრძალული მიზნებისთვის. მანამდე შეზღუდვა მხოლოდ ამერიკულ ფინანსებზე ვრცელდებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა გარკვეული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ქმედება, ფაქტობრივად, აჩუმებს სამოქალაქო საზოგადოებას განვითარებად ქვეყნებში.