1763823086
Reuters: პოლიციამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა
ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ბოლსონარუს ადვოკატზე სელსუ ვილარდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ბოლსონარუ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე უკვე რამდენიმე თვეა შინაპატიმრობაში იმყოფება.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზი უცნობია. ფედერალური პოლიციის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ბოლსონარუ ქალაქ ბრაზილიაში დღეს დილით დააკავეს.
ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი მემარჯვენე ლიდერი მიმდინარე წლის სექტემბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 27 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმის დეტალების თანახმად, 2022 წელს ბოლსონარუს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარება არ სურდა. მას შემუშავებული ჰქონდა გეგმა, როგორ არ დაეშვა ხელისუფლებაში გამარჯვებული კანდიდატი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
თუმცა, სასამართლოს დღემდე არ გამოუცია ბოლსონარუს დაკავების ორდერი, რადგან საქმის განხილვა ზემდგომ ინსტანციებში გრძელდება.










