Reuters-მა გამოაქვეყნა ტრამპის სამშვიდობო გეგმის ტექსტი

აშშ

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ წინადადების სრული ტექსტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 17 აპრილს პარიზში ევროპელ ოფიციალურ პირებს წარუდგინა.

აშშ-მა შტატებმა ევროპელ ოფიციალურ პირებს წარუდგინა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტი. დოკუმენტი შეიცავს მკაფიო პირობებს, რომლებიც, როგორც აღნიშნულია, ვაშინგტონის „საბოლოო შეთავაზებაა“ ორივე მხარისთვის.

ტექსტის თანახმად, აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის მყისიერი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას, მაგრამ არა ნატოში.

შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ-ის მიერ ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე იურე აღიარება, ასევე ლუგანსკის ოლქზე და ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ნაწილებზე დე ფაქტო კონტროლის აღიარება.

აშშ-ის გეგმის მიხედვით, უკრაინა აღადგენს კონტროლს ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებზე, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე. გარდა ამისა, უკრაინა იღებს კონტროლს კინბურნის ცელზე და უპრობლემო წვდომას მდინარე დნეპრზე.

რაც შეეხება ეკონომიკას, უიტკოფის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, აშშ და უკრაინა დადებენ შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ასევე განაახლებენ ფინანსურ დახმარებას უკრაინის სრული აღდგენისთვის.

გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც 2014 წელს ომის დაწყების შემდეგ ამოქმედდა, უნდა მოიხსნას. ასევე ცალკეა აღნიშნული აშშ-ისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სხვა სამრეწველო სექტორებში.