36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს, - წერსსაინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების ნაწილი ამ ეტაპზე გამორიცხავს 1970-იანი წლების მსგავს სრულმასშტაბურ „სტაგფლაციას“ - ინფლაციის ზრდას ეკონომიკური აქტივობის პარალიზების ფონზე - ეს ვითარება მაინც დაამძიმებს კოვიდპანდემიის შემდგომ კრიზისს, რის გამოც მილიონობით ოჯახს ყოველდღიური ცხოვრება დღემდე უძვირდება.
ეს, თავის მხრივ, ართულებს ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშირებით და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა უნდა შესთავაზონ რეგიონის მთავრობებმა საწვავის გაძვირების წინაშე მყოფ მომხმარებლებს.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული S&P Global-ის ავტორიტეტული კვლევის თანახმად, მაისში ევროზონის ეკონომიკური აქტივობა ბოლო ორნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად შემცირდა. საარსებო ხარჯების მკვეთრმა მატებამ საგრძნობლად დააზარალა მოთხოვნა მომსახურების სექტორში, რამაც საწარმოო ხარჯების ინფლაცია ბოლო სამნახევარი წლის მაქსიმუმამდე გაზარდა.
ამავდროულად, ევროკომისიამ ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა და აღიარა, რომ მაჩვენებლები შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს, თუკი არსებული შეფერხებების გამო ენერგომატარებლებზე ფასები პიკს მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიაღწევს.
ევროზონის მიღმა, ბრიტანულმა კომპანიებმა ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიზნესაქტივობის ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადეს, რაც ირანის ომის ეკონომიკური შედეგებისა და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლივმა გავლენამ გამოიწვია.
ევროპის უდიდეს ეკონომიკაში, გერმანიაში, კერძო სექტორის ბიზნესაქტივობა მაისში, წინა თვის მსგავსად, კვლავ შემცირდა. საფრანგეთში კი შესყიდვების მენეჯერთა ძირითადი ინდექსი (PMI) ბოლო ხუთნახევარ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე აღმოჩნდა. ადგილობრივი ფირმები გამოშვების შემცირებას ენერგორესურსებისა და საწვავის გაძვირებით, აგრეთვე ზოგადი ეკონომიკური შფოთვით ხსნიან.
გერმანიის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ცალკეულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ინფლაცია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, ხოლო ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, ნულოვანი იქნება.
საერთო ჯამში, ევროზონაში შიდა მოთხოვნა საგრძნობლად შესუსტდა. კერძო სექტორში ახალი შეკვეთების ვარდნის ტემპმა ბოლო წელიწად-ნახევრის მაქსიმუმს მიაღწია, ამასთან, ახალი საექსპორტო შეკვეთებიც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მკვეთრად შემცირდა. მომსახურების სექტორში ახალი შეკვეთების მკვეთრი კლება დაფიქსირდა, ხოლო სამრეწველო მოთხოვნა, რომელიც აპრილის თვეში მცირედით გაუმჯობესდა, ისევ უარყოფით დინამიკას დაუბრუნდა.