დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები
1792007824
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებზე სანქციების შემსუბუქებას, რომლებითაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ხდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, მიზანი მსოფლიოში რეკორდულად მაღალი საზღვაო სატვირთო გადაზიდვების ტარიფების შემცირებაა.
განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის დიზელის საწვავზე სანქციები დროებით შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროპული ქვეყნების და აშშ-ის სენატში ტრამპის თანამოაზრე „რესპუბლიკელების“ ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ზელენსკიმ და ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია, რადგან მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
აშშ-ის მაღალჩინოსნის განმარტებით, ახალი განხილვების მთავარი საკითხია, დაუშვებს თუ არა ვაშინგტონი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემებით ისეთი ნავთობის ტრანსპორტირებას, რომელზეც ამერიკული სანქციები არ ვრცელდება. საუბარია ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არ არის მოქცეული და არა რუსულ ან ირანულ ნავთობზე, რომელთა მიმართაც ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული.
„მიზანია, სპარსეთის ყურიდან მეტი გადამუშავებული ნავთობპროდუქტისა და ნედლი ნავთობის გატანა გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ენერგეტიკის საკითხების კვლევითი ჯგუფის Energy Aspects-ის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ამ კვირაში, ერ-რიადში გამართულ ნავთობის მსოფლიო კონგრესზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს. მიზანი რეკორდულად მაღალი საზღვაო გადაზიდვების ტარიფების შემცირებაა, რაც აშშ-ის ნედლ ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს.