რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა არ ეთანხმება ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ არაკანონიერ ჩარევებს, ისევე, როგორც ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიზანში ამოღებას

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი ირანის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. ლიდერებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, თურქეთისკენ მიმავალი კიდევ ერთი რაკეტის ჩაჭრა განიხილეს.

ერდოღანმა ფეზეშქიანს განუცხადა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „არანაირი მიზეზით არ შეიძლება, იყოს გამართლებული“ და აღნიშნა, რომ „თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ამის წინააღმდეგ.”

ერდოღანმა ასევე განუცხადა ირანელ კოლეგას, რომ თურქეთზე „უარყოფითად მოქმედებს“ კონფლიქტები, რომლებშიც ის მხარე არ არის.

„ანკარა არ ეთანხმება ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ არაკანონიერ ჩარევებს, ისევე, როგორც ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიზანში ამოღებას”, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ „მოძმე ქვეყნების მიზანში ამოღება არავის ინტერესებში არ შედის“ და „ეს ქმედებები უნდა შეწყდეს“.

ერდოღანმა ისაუბრა დიპლომატიის კარის ხელახლა გაღების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს რეგიონში დიპლომატიური პროცესის ხელშეწყობისთვის.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა 28 თებერვალს, ირანის ქალაქ მინაბში გოგონების სკოლაზე განხორციელებული დარტყმის გამო.

ამასთან, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო და გამოთქვა იმედი, რომ მისი ვაჟის, მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

თავის მხრივ, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ რაკეტები, რომლებიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ირანული არ იყო და აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება ინციდენტთან დაკავშირებით სრულმასშტაბიან გამოძიებას ჩაატარებს.