რადოსლავ სიკორსკი უნგრეთს მოუწოდებს, მოხსნას ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უნგრეთს მოუწოდებს, მოხსნას ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ კიევში ვიზიტისას პოლონელმა დიპლომატმა უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიკორსკის თქმით, პოლონეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის თავმჯდომარე დანიასთან, რომ ევროკავშირის გაფართოება მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების საფუძველზე დარჩეს დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად.

„ჩვენ მოვუწოდებთ უნგრეთს, გააუქმოს ვეტო პირველ კლასტერზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით უკრაინის მიღებას ევროკავშირის ოჯახში“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხოლოდ კოორდინირებულმა ზეწოლამ უნგრეთზე შეიძლება, გამოიღოს შედეგები.