გოგა მანიას წინასწარმეტყველება ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე
1795203712
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მეგობარი“ უწოდა.
„სიენენთან“ საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი შეფასებები პუტინზე ზეწოლას ასუსტებს და მას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
„პუტინზე ისე როცა საუბრობთ, თითქოს ის მეგობარია, რა თქმა უნდა, ის თავს მკვლელად არ გრძნობს და საკმარის ზეწოლას ვერ განიცდის. მას უჩნდება განცდა, რომ შეუძლია გააგრძელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა.
„რა თქმა უნდა, როგორ მოიხსენიებს პუტინს, ეს პრეზიდენტ ტრამპის საქმეა. ჩვენთვის ის მტერია და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ის მკვლელია. ვფიქრობ, მსოფლიოს ადამიანების უმეტესობისთვისაც ის მკვლელია, რადგან ადამიანებს კლავს“, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ რჩება საუკეთესო შუამავლად კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში.
„შეერთებული შტატები, ალბათ, ყველაზე ძლიერი შუამავალია, რომელიც შეიძლება, გვყავდეს, რადგან ვერ ვხედავ, რომ პუტინმა ვინმე სხვას მოუსმინოს. ვფიქრობ, ის მზად არის, მოუსმინოს აშშ-სა და ჩინეთს. თუმცა ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობის სურვილს ვერ ვხედავთ. შეერთებულ შტატებს კი, სავარაუდოდ, პუტინზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა პუტინს შეერთებული შტატების მეგობრად, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
„ამერიკის სახელით ვერ ვისაუბრებ. მე მას მივიჩნევ ადამიანად, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სინამდვილეში, ეს ურთიერთობა მართლაც ძალიან კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.