პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის თუ შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას - სერგეი ლავროვი

ლავროვი

ატლანტაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის უკრაინის ლიდერი მოსკოვში უნდა ჩავიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვში ზელენსკის უსაფრთხოება სრულად იქნება გარანტირებული.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკი პრეზიდენტი გახდა, ბოლო ექვიოდე წლის მთელი ისტორიის მიუხედავად, იგი კვლავ მზადაა მასთან შესახვედრად. მან ეს მას შემდეგ თქვა, რაც ზელენსკიმ პირდაპირი შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: თუ მას შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას, რისი გარანტიაც, როგორც მესმის, კიევში ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხარეებს შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ამერიკის ეროვნული ინტერესები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა, იმ სფეროებში, სადაც თანხვედრა არსებობს, ორმხრივი და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელება აუცილებელია.

✕