პუტინმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან შესაძლებელია, მაგრამ უკანასკნელის ლეგიტიმურობა კითხვებს ბადებს

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლებელია, მაგრამ უკანასკნელის ლეგიტიმურობა კითხვებს ბადებს.

„მე, სხვათა შორის, ვთქვი, რომ მზად ვარ ყველას შევხვდე, მათ შორის ზელენსკისაც. დიახ, საკითხი ეს არ არის. თუ უკრაინის სახელმწიფო ვინმეს ენდობა მოლაპარაკებების საწარმოებლად, ღმერთმა ხელი მოუმართოს, იყოს ზელენსკი. საკითხი ეს არ არის. საკითხი ისაა, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ჩვენთვის სულერთია, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს რეჟიმის მოქმედი მეთაური იყოს. მე მზად ვარ შევხვდე კიდეც. მაგრამ თუ ეს იქნება რაღაც დასკვნითი ეტაპი, რომ იქ უსასრულოდ არ ვიჯდეთ და რაღაცებს არ ვიყოფდეთ, არამედ წერტილი დავსვათ. თუმცა, წერტილი უნდა დაისვას, ხელმოწერა უნდა ეკუთვნოდეს ლეგიტიმურ ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, მოვა შემდეგი [ხელისუფლება] და ამ ყველაფერს მოისვრის. მაგრამ ასე არ შეიძლება, ჩვენ ხომ სერიოზულ საკითხებს ვწყვეტთ“, - დასძინა მან.