ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1735247147
The Insider-ის გამოძიებაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა UKRAINSKA PRAVDA წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები აგრძელებენ დასავლეთში ვაჭრობას ექსპორტის სახით, რაც მათ დიდ მოგებას აძლევს, ისინი გვერდს უვლიან სანქციებს იმ ხვრელის მეშვეობით, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ ევროკავშირის ბაზრებზე იმ პირობით, თუ კომპანიებში სანქცირებული პირების წილი 50%-ზე ნაკლებია.
The Insider-ის მოხსენება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შოულობს რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ოდიოზური ოლიგარქი, მათ შორის გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი და ოლეგ დერიპასკა, მილიარდებს ევროპასთან ვაჭრობის შედეგად. UKRAINSKA PRAVDA წერს, რომ თუ ოლიგარქი სანქცირებულია, ეს შეზღუდვა ავტომატურად არ ვრცელდება მის აქტივებზე. საქმიანობა იზღუდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაში სანქცირებული ინდივიდის ერთობლივი წილი 50%-ს აღწევს. ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სანქცირებული თანამფლობელის საერთო წილი შეადგენს აქციების ნახევარს.
აქედან გამომდინარე, არაერთი ოლიგარქი თავს არიდებს სანქციებს მათი წილის შემცირებით. მაგალითად, ოლეგ დერიპასკამ შეამცირა თავისი წილი En+-სა და Rusal-ში. ამჟამად დერიპასკა აკონტროლებს En+-ის 35%-ს, რომელიც თავის მხრივ, ფლობს ალუმინის გიგანტის, Rusal-ის თითქმის 57%-ს. დერიპასკას ქონება 2022-2024 წლებში 50%-ზე მეტით გაიზარდა და, Forbes-ის მიხედვით, ახლა 2,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ვიქტორ ვექსელბერგმა, Rusal-ის სიდიდით მეორე აქციონერმა, ასევე თავიდან აიცილა ევროკავშირის სანქციებით დაწესებული შეზღუდვები და შეუფერხებლად განაგრძობს ბიზნესის კეთებას ევროპაში. გარდა ამისა, UKRAINSKA PRAVDA-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვიქტორ ვექსელბერგის კომპანიები მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენებული რაკეტების წარმოებაში.
რუსი ოლიგარქების მიერ სანქციების გვერდის ავლის კიდევ ერთი გზაა აქციების გადაცემა კომპანიის მენეჯერებზე (გამოსყიდვის ოფციით), ოჯახის წევრებზე ან მათ კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა პირებზე. ეს არის სტრატეგია, რომელსაც იყენებს ალიშერ უსმანოვი, ოლიგარქი, რომელიც განსაკუთრბეით დაახლოებულია დიმიტრი მედვედევთან. უსმანოვმა თავისი წილი USM Holdings-ში 49%-მდე შეამცირა, რამაც ამ ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებს ოპერაციების გაგრძელების საშუალება მისცა. მას შემდეგ, რაც უსმანოვს ევროკავშირის მიერ სანქციები დაუწესა, USM-მა შეძლო გამოეცხადებინა, რომ ეს სანქციები გავლენას არ მოახდენდა ჯგუფში შემავალ კომპანიებზე.ალიშერ უსმანოვის ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანია Metalloinvest მადნის უმსხვილესი მწარმოებელია არამხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში. Metalloinvest-ში უსმანოვის ბიზნესპარტნიორია ანდრეი სკოჩი - სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი “ერთიანი რუსეთის პარტიიდან“. ის ასევე სანქცირებულია, მაგრამ ბიზნესი დარეგისტრირებულია მისი მამის ვლადიმერისა და ქალიშვილის ვარვარას სახელზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროკავშირის შეზღუდვებს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უსმანოვისა და სკოჩების ოჯახის ქონება გაიზარდა 13,4 მილიარდ აშშ დოლარამდე და 6,7 მილიარდ აშშ დოლარამდე. ერთად აღებული ორი წლის განმავლობაში ისინი თითქმის 4 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ.
ევროპასთან ვაჭრობით სარგებელს იღებენ ანდრეი გურიევი, “ერთიანი რუსეთის პარტიის“ კიდევ ერთი წევრი და მისი პარტნიორი ვლადიმერ ლიტვინენკო, რომელმაც, სავარაუდოდ, დაწერა პუტინის დისერტაცია, როდესაც ის მისი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იყო. გურიევების ოჯახი ფლობს 48,5%-ს “ფოსაგროში“ (რუსეთში ფოსფატური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელი). ლიტვინენკომ 2022 წელს გადასცა “ფოსაგროს“ აქციების 20%-ზე მეტი მეუღლე ტატიანას. არც ტატიანა და არც ლიტვინენკო არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს, რაც ნიშნავს, რომ “ფოსაგროს“ შეუძლია თავისუფლად გაიტანოს პროდუქცია ევროპაში. ლიტვინენკოს ქონება 2022 წლიდან გაორმაგდა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ანდრეი მელნიჩენკოს კომპანია EuroChem ასევე ახორციელებს სასუქების ექსპორტს ევროპაში. მელნიჩენკომ კომპანიაში თავისი წილი სანქციების დაწესების შემდეგ შეამცირა.
ევროპასთან ვაჭრობით სარებლის იღებას განაგრძობს რომან აბრამოვიჩიც. მან თავისი წილი 28,64%-მდე შეამცირა კომპანია Evraz-ში, ლითონებისა და სამთო მსხვილ კომპანიაში, რომელიც ექსპორტს ახორციელებს საფრანგეთსა და ჩეხეთში. აბრამოვიჩი ასევე არის Norilsk Nickel-ის მინორიტარი აქციონერი. მისი მთავარი მფლობელი, ვლადიმერ პოტანინი, არ არის სანქციირებული, რაც საშუალებას აძლევს Norilsk Nickel-ს არა მხოლოდ განაგრძოს თავისი პროდუქციის ექსპორტი, არამედ ფლობდეს საწარმოო ობიექტებს ევროპაში.
გენადი ტიმჩენკო, იგივე „პუტინის საფულე“, ფლობს აქციებს Novatek-ში (23,49%) და Sibur-ში (17%), როგორც მილიარდერ ლეონიდ მიხელსონის უმცროსი პარტნიორი. მიხელსონი, ამ კომპანიების ძირითადი მფლობელი, არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, საიდანაც ტიმჩენკო სარგებლობს, შეუზღუდავად რჩება ევროპის ბაზარზე.