პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის - მედია

პუტინი

„საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს, რომ მზადაა ომი განუსაზღვრელი ვადით განაგრძოს. მაგრამ სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით ის დასავლეთს მიანიშნებს, რომ მას სურს სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე დადება“, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ამერიკულმა გამოცემამ ინფორმაცია კრემლთან დაახლოებული ორი ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ანონიმური საუბრების დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის წყაროების თქმით, პუტინმა შუამავლების საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, შეწყვიტოს ცეცხლი და „გაყინოს“ საომარი მოქმედებები დღევანდელ საზღვრებში.

„ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მზად არიან დარჩნენ იქ, სადაც ახლა არიან“, - ანონიმურად განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ შემოდგომაზე მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებს შეხვდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პუტინი ასეთი წინადადებით 2022 წლის შემოდგომაზეც გამოდიოდა, როდესაც უკრაინელებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქში ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს.

მათი განცხადებით, პუტინი ნათლად მიანიშნებდა, რომ მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს, თუ რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პუტინი სარგებლობს გაჭიანურებული ომით და სურს გადადოს ნებისმიერი მოლაპარაკება 2024 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებამდე. მაგრამ ყოფილი რუსი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ პუტინი რეალურად ამჯობინებს შეთანხმებას უფრო ადრე.

ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე ხედავენ ცვლილებებს პუტინის პოზიციაში, რომელიც აღარ ითხოვს კიევში არსებული ხელისუფლების გადაყენებას. პუტინის წინადადების მიღების შემთხვევაში უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა რუსეთის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20% იქნება.

გარდა ამისა, დასავლეთში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ეს მხოლოდ პუტინს აძლევს დროს ხელახლა შეიარაღებისთვის მომავალი ახალი თავდასხმისთვის.

„მათ (რუსებს) არასოდეს შეუსრულებიათ არანაირი შეთანხმება. დაარღვიეს ისინი, როგორც კი დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი იყო“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა და აღნიშნა, რომ პუტინი „იმპერიის აღდგენაზე“ ოცნებობს.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი, ასევე, ამბობს, რომ კრემლის სიგნალები, რომ ის მზად არის შეთანხმებისთვის, შეიძლება იყოს მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არა კომპრომისზე წასვლის სურვილის ნიშანი. ყოფილი რუსი ოფიციალური პირები დასძენენ, რომ პუტინმა, შესაძლოა, გადაიფიქროს და მიატოვოს შეთანხმება, თუ რუსული ძალები ფრონტზე მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებენ.