1755099291
პუტინი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მთელი უკრაინის ოკუპაცია შეუძლია, რაც შეეხება დონბასს, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რადგან უკრაინის კონსტიტუცია არ შეცვლილა - ზელენსკი

ჯერ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი უსაფრთხოების გარანტიები, რეალური უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირტუალური სამიტის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, უკრაინასთან უნდა განიხილონ.
„მსოფლიოს ყველა ლიდერს ერთი რამ სურს – მშვიდობა უკრაინაში. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უკრაინასთან, უკრაინასთან ერთად უნდა განიხილონ, ჩვენ უნდა ვიყოთ საუბრის ნაწილი. ტრამპმა დღეს მხარი დაგვიჭირა და აშშ მზადაა, მხარი დაგვიჭიროს. პუტინი იტყუება, ამბობს, რომ თითქოს მთელი უკრაინის ოკუპაცია შეუძლია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას. უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა რუსეთზე, უნდა იყოს სანქციები და ისინი უნდა გამკაცრდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი შეხვედრა გამოიყენა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერებისთვის ეთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს „მშვიდობა არ სურს“ და, მისი თქმით, მათ ესმით ამ პოზიციის.
„პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. მშვიდობისთვის დამატებითი ზეწოლა გვჭირდება. არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 15 აგვისტოს პუტინისა და ტრამპის შეხვედრას „ისტორიულ მომენტს“ არ უწოდებს, რადგან ჯერ შედეგს ელოდება.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ მისი პოზიცია დონბასის დათმობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რადგან ის უკრაინის კონსტიტუციას ეფუძნება და უკრაინის კონსტიტუცია არ შეცვლილა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არ შეიძლება, განიხილებოდეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხის ნებისა და უკრაინის კონსტიტუციის გაუთვალისწინებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მას დაუკავშირდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე. იმედი გვაქვს, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს არაერთხელ თქვა. მან შემომთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ყველა შედეგს, თუ ასეთი იქნება და განვსაზღვრავთ შემდეგ ერთობლივ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.