პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამძებრო ოპერაცია დასრულდა რუსეთის ქალაქ ტვერის მახლობლად, სადაც 23 აგვისტოს, საღამოს ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. ოფიციალური სიის მიხედვით, თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინი. „ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი.
რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცხედრები იმდენად დამწვარია, რომ ამოსაცნობად დამატებითი ექსპერტიზაა საჭირო. 23 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრიგოჟინი შესაძლოა, თვითმფრინავში არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი მგზავრების სიაშია შეტანილი. რუსეთის ხელისუფლებას პრიგოჟინის და უტკინის სიკვდილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ორივე მათგანი „რუსეთის მოღალატეების“ ქმედებების შედეგად დაღუპულად გამოაცხადა „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსულმა ტელეგრამ-არხმა Grey Zone. ბრიტანულ BBC-ს „ვაგნერის“ ექვსმა წევრმა ამა, თუ იმ ფორმით დაუდასტურა პრიგოჟინის სიკვდილი. როგორც ერთ-ერთმა თქვა, „ეს დასასრულია“.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро“-ს კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.