პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინეს, რომელსაც გადამცემი გათიშული ჰქონდა

რუსული თვითმფრინავი

პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინეს, რომელსაც გადამცემი გათიშული ჰქონდა. პოლონეთის ოპერატიული სარდლობის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალების მორიგე „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებმა 29 ოქტომბერს, ბალტიის ზღვის თავზე მოახდინეს რუსეთის „ილ-20“-ის ტიპის თვითმფრინავის ვიზუალური იდენტიფიკაცია და თანხლება.

პოლონეთის მხარის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ასრულებდა სადაზვერვო მისიას გამორთული ტრანსპონდერით და არ ჰქონდა წარმოდგენილი ფრენის გეგმა.

„თვითმფრინავს არ დაურღვევია პოლონეთის საჰაერო სივრცე“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში არაერთხელ დაფიქსირდა უცნობი დრონები, რომლებმაც საერთაშორისო აეროპორტების მუშაობასაც შეუშალეს ხელი.