1758053825
პოლონეთი მოუწოდებს ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყიდულობენ რუსეთისგან ენერგორესურსებს, იმპორტი 2026 წლის ბოლომდე შეწყვიტონ

პოლონეთი მოუწოდებს ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყიდულობენ რუსეთისგან ენერგორესურსებს, იმპორტი 2026 წლის ბოლომდე შეწყვიტონ. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა, მილოშ მოტიკამ განაცხადა.
„მოგიწოდებთ, შეთანხმდეთ საერთო მიზანზე, რომელიც 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გულისხმობს. ასეთი გადაწყვეტილება გააძლიერებს ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულობას, დაადგენს დროის მკაფიო ჩარჩოებს და აჩვენებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლები გავხდეთ ნავთობის მიწოდებისგან, რომელიც პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს“, – მისწერა მოტიკამ ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებს.
თავდაპირველად ევროკავშირი გეგმავდა, რუსულ ნავთობსა და გაზზე 2028 წლის პირველი იანვრიდან მთლიანად ეთქვა უარი. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია წარადგენს ინიციატივას რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შეწყვეტის დაჩქარებაზე. ევროკავშირს დაწესებული აქვს სანქციები რუსული ნავთობის იმპორტზე, თუმცა არა გაზზე, რადგან ამას სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ რუსეთისგან ენერგორესურსებს „დრუჟბის“ მილსადენით. პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვოიცეხ ვროჩნა აცხადებს, რომ პოლონეთის გავლით ამერიკული გათხევადებული აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ევროპის მიერ რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას.