პოლიციამ გლადიატორების ფორმაში გამოწყობილი 3 ადამიანი დააკავა, რომლებიც ტურისტებს ფულს სძალავდნენ (რომი)

გლადიატორები

რომში პოლიციამ სამი კაცი დააკავა, რომლებიც გლადიატორების ფორმაში იყვნენ გამოწყობილები და ტურისტებს ფულს სძალავდნენ. ყალბი გლადიატორები ტურისტებს ჯერ მათთან ერთად ფოტოს გადაღებას სთავაზობდნენ, შემდეგ კი ამისთვის ფულს სთხოვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, უცხოელი ტურისტებისგან ძალიან ბევრი საჩივარი მიიღეს აგვისტოსა და სექტემბერში. ტურისტები ამბობდნენ, რომ გლადიატორების ფორმაში გამოწყობილმა კაცებმა თითოეულს დაახლოებით 500 დოლარამდე გამოსძალეს.

ყალბი გლადიატორები ტურისტებს კოლიზეუმისკენ ეპატიჟებოდნენ და ფოტოს გადაღებას სთავაზობდნენ. ამის შემდეგ კი ტურისტებისგან ფულს ითხოვდნენ, რასაც ხშირად ძალადობა და მუქარა ახლდა. ერთ-ერთი ტურისტის თქმით, მას 40 ევრო მოსთხოვეს და როცა თანხის მიცემაზე უარი განაცხადა, ყალბი გლადიატორები ცემით დაემუქრნენ და 150 ევრო გამოსძალეს.

ბრალდებების საფუძველზე რომის პოლიციამ სამი კაცის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც თავს გლადიატორებად ასაღებდნენ და ტურისტებს ფულს სძალავდნენ. მათგან ერთი დაკავებულია, ორს კი შინა პატიმრობა შეეფარდა და გამოძიება ისევ გრძელდება.