„პოლიტიკო“: ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გრენლანდიის ხსენებამ, შესაძლოა, აშშ გააღიზიანოს, ლიდერები შეეცდებიან, ამ საკითხის ხსენებისგან თავი შეიკავონ

ევროპელი ოფიციალური პირები

ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ 6 იანვარს პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გრენლანდიის ხსენებამ, შესაძლოა, აშშ გააღიზიანოს. შესაბამისად, ლიდერები შეეცდებიან, ამ საკითხის ხსენებისგან თავი შეიკავონ, რათა უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლა თავიდან აიცილონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელზეც კიევის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად დღეს ევროკავშირის დაახლოებით 40 ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი შეიკრიბება, დღის წესრიგში ომის დასასრულებლად უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის კოორდინაციის გაღრმავებაც იქნება.

ელისეის სასახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მონაწილეობა გადამწყვეტია. ყურადღების გრენლანდიაზე გადატანის ნებისმიერმა მცდელობამ კი, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვიოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ღონისძიების დაწყებამდე ელისეის სასახლეში გამართული ბრიფინგის დროს გრენლანდიის მისამართით ტრამპის მუქარის შესახებ არაფერი უხსენებიათ. ეს იმ ფონზე, როცა შეხვედრას დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენიც დაესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ამერიკული თავდასხმა ნატო-ს დასასრულის ტოლფასია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხებიდან გრენლანდიის თემის გამორიცხვა, შესაძლოა, როგორც ამერიკელებს, ასევე ბევრ ევროპელსაც აწყობდეს. ეს კი მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის საბოლოო სამშვიდობო წინადადება „90 პროცენტით“ შეთანხმებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელები ცდილობენ, პროცესის ჩაშლა თავიდან აიცილონ – მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ან რას გააკეთებს დონალდ ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით.