POLITICO: უკრაინაში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის გამო გაუქმდა

უკრაინაში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის გამო გაუქმდა

უკრაინაში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გაუქმდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში ულტრამემარჯვენე გერმანელი პოლიტიკოსის ყოფნასთან დაკავშირებით გამოთქმული წინააღმდეგობის გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

უკრაინაში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ვიზიტი პირველ დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური კიევის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ევროპარლამენტს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გამოთქვეს დელეგაციაში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, ჰანს ნოიჰოფის ყოფნის გამო. შედეგად ვიზიტი გაუქმდა, რაც „პოლიტიკოს“ თავად ნოიჰოფმა და ევროპარლამენტის ორმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ნოიჰოფის განცხადებით, ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

გერმანელი ევროპარლამენტარის ცნობით, თავდაპირველად კიევმა შეშფოთების შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფისს აცნობეს. თავის მხრივ, მეცოლას კანცელარიამ ეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სამდივნოს შეატყობინა.

გერმანელი ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი ბოლო წლებში რუსეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის გასულ თვეში სოჭში. ის აცხადებდა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს უნდა ითვალისწინებდეს და  არ უნდა დაიშვას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, რაც ემთხვევა კრემლის პოზიციას.

„პოლიტიკოსთან“ კომენტარში ნოიჰოფმა განაცხადა, რომ  „მკაცრად ნეიტრალურია“ და არა პრორუსული და პროუკრაინული განწყობის.

„ბრალდებები, რომ მე ვინარჩუნებ პოლიტიკურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და უკანონოდ ვიმყოფებოდი დონბასში, სიმართლეს არ შეესაბამება“, – თქვა  პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა.