„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
კრიზისის მთავარი მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ 44-წლიან ისტორიაში პირველად უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“, მდინარე დუნაიში რეკორდულად დაბალი წყლის დონის გამო, შესაძლოა გაჩერდეს.
მადიარის თქმით, 29 ივლისს ტექნიკური გაუმართაობის გამო მუშაობა შეწყვიტა „დუნამენტის“ თბოელექტროსადგურმაც, მაშინ როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება.
„არაუგვიანეს ორშაბათისა უნგრეთმა შესაძლოა ელექტროენერგიის წარმოების 2 000 მეგავატი დაკარგოს, მაშინ როდესაც მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მაღალი ტემპერატურის გამო გაიზრდება“, – განაცხადა მადიარმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მძიმე ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, უახლოეს დღეებში მსხვილ საწარმოებს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა მოუწევთ. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგოდეფიციტი ყველა მომხმარებელზე აისახება. ზოგიერთ საწარმოში წარმოება შესაძლოა დროებითაც შეჩერდეს.
მთავრობის მითითებით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა MAVIR-მა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მოთხოვნით მიმართა მსხვილ საწარმოებს, მათ შორის: ბატარეების მწარმოებელ ქარხნებს; ცემენტის ქარხნებს; ქიმიურ საწარმოებს; ავტომობილების მწარმოებელ ქარხნებსა და სხვა სამრეწველო ობიექტებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მსხვილი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელიდან გეგმურ, დროებით გათიშვასაც განიხილავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზადდება.
პეტერ მადიარმა მოსახლეობასაც მოუწოდა საღამოს 17:00-დან 22:00 საათამდე შეძლებისდაგვარად შეზღუდონ ელექტრომობილების დამუხტვა და კონდიციონერების გამოყენება.