პაკისტანში ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით მოკლული ტურისტის საქმეზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

პოლიციამ სულ მცირე 23 ადამიანი დააკავა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით მოკლული ტურისტის საქმეზე პოლიციამ ინციდენტში მონაწილე სულ მცირე 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას მედია პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან გასულ კვირას მომხდარ ინციდენტში, როდესაც ბრბომ მუსლიმთა წმინდა წიგნის შეურაცხყოფის ბრალდებით მამაკაცი პოლიციის განყოფილებიდან გაიტაცა, მოკლა და მისი ცხედარი დაწვა.

პოლიციის ანგარიშის თანახმად, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში შეკრებილი ადამიანები პოლიციისგან ითხოვდნენ, რომ მამაკაცი დასჯის მიზნით მათთვის გადაეცა. მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა მოთხოვნაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, ბრბო მათ თავს დაესხა და რამდენიმე პოლიციელი დაჭრა.

„ჩვენ უკვე დავაკავეთ 23 ადამიანი შაბათ-კვირას და ვაწარმოებთ რეიდს უფრო მეტი ეჭვმიტანილის დასაჭერად, რომლებიც ინციდენტის დროს მობილურით გადაღებული ვიდეოჩანაწერების მეშვეობით არიან იდენტიფიცირებულები“, - თქვა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ისლამულ ჰაკმა.

პოლიციის განცხადებით, ცხედრის წასაღებად მოკლულის ოჯახი მათ ჯერ არ დაკავშირებია.

მედიის ცნობით, პაკისტანში ღვთის გმობა სიკვდილით ისჯება და ლინჩის წესით გასამართლება იშვიათი მოვლენა არ არის. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, 1990 წლიდან მოყოლებული ღვთის გმობის ბრალდებით პაკისტანში ბრბომ 80-ზე მეტი ადამიანი მოკლა.