1732386875
პაკისტანში ცეცხლის შვიდდღიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პაკისტანში ცეცხლის შვიდი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კურამის რაიონში ძალადობის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„21, 22 და 23 ნოემბრის შეტაკებებისა და კოლონებზე თავდასხმების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა და 156 დაშავდა“, – განაცხადა ანონიმურობის დაცვით ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
გარდაცვლილთაგან 16 – სუნიტი, ხოლო 66 შიიტური თემის წარმომადგენელი იყო.
დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტი მუსლიმების კოლონებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რასაც შემდგომში საპასუხო თავდასხმები მოჰყვა.
შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის ტომობრივი და სექტანტური დაპირისპირება მიწების თაობაზე დავის გამო ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. ასობით მცხოვრებმა დატოვა ტერიტორია პარასკევსა და შაბათს ძალადობის ესკალაციის გამო.
მოლაპარაკებები როგორც შიიტი, ასევე სუნიტი თემის ლიდერებთან 23 ნოემბერს დაიწყო, ხოლო 24 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა, მუჰამად ალი საიფმა განაცხადა, რომ შიიტმა და სუნიტმა ლიდერებმა ძალადობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ რაიონში შეიარაღებული შიიტი და სუნიტი მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ჩართულნი არიან ტომობრივ და სექტანტურ დაპირისპირებაში ავღანეთის საზღვართან მდებარე მიწის გამო.