1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჰოლივუდის ვარსკვლავები უპრეცედენტო სკანდალში ეხვევიან - საზოგადოება შოკში ჩააგდო მეგა ვარსკვლავების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რაც მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა. სექსუალური ტრეფიკინგი, რეკეტი, შანტაჟი, ძალადობა - ბრალდებები ძალიან მძიმეა, სოციალურ ქსელში კი უამრავი ინტერპრეტირებული ვერსია ვრცელდება.
საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეს ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალად იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა. რა ხდება რეალურად და რას იძიებს შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყება - სკანდალის მთავარი გმირი ამერიკელი რეპერი ფაფ დედია.
ის მხოლოდ მუსიკოსი არ არის, Paff Daddy - იგივე "დიდი" - გავლენიანი პროდიუსერიცაა, რომელიც შოუბიზნესში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის თანამშრომლობდა უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის მერაია ქერისთან, აშერთან, ჯასტინ ბიბერთან, მერი ჯეი ბლაიჯისთან და სხვა არტისტებთან.
უფლებადამცველი იმ ბრალდებებს კითხულობს მედიასთან, რომელიც ტალია გრეივს ცნობილი რეპერის პაფ დედის წინააღმდეგ აქვს შეტანილი. დანაშაულების ჩამოთვლის დროს, მსხვერპლი ტირილს იწყებს, 20 წლის წინ ჩადენილი ძალადობის კვალი გრეივის მენტალური ჯანმრთელობისთვის უკურნებელ სენად იქცა.
გამოცემა "გარდიანსი" აქვეყნებს სარჩელის დეტალებს, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი, მოტყუებით, როგორ მიიყვანა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რეპერმა და პროდიუსერმა ტალია საკუთარ სტუდიაში, გაუფრთხილებლად ჩაუყარეს მას ალკოჰოლურ სასმელში ნარკოტიკული საშუალებები და როდესაც ქალმა თვალი გაახილა ის სრულიად შიშველი, ხელებშეკრული აღმოჩნდა P Diddy-სა და მისი დაცვის თანამშრომლის შერმანის წინაშე. ცემის და სექსუალური ძალადობის შესახებ მაშინ ქალს ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შვილზე მეურვეობის ჩამორთმევით დაემუქრნენ.
"ეს არის ტკივილი, რომელიც სულის სიღრმემდე გტკივა და არასოდეს გტოვებს, ამ ტკივილში ყველაზე რთული არის სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, ეს ყველაფერი თავს გაუფასურებულად მაგრძნობინებს, გარიყულად, იმდენად იზოლირებული ვარ, რომ შიშები მაქვს სახლიდან გავიდე, ამ ტრავმამ გამიჩინა მენტალური პრობლემები, დეპრესია და შფოთვები, ნდობა დავკარგე ყველას მიმართ," - განაცხადა ტალიამ.
გრეივს გამბედაობა რომ სარჩელი შეეტანა აღმოაჩნდა მაშინ, როდესაც პაფ დედი დაიჭირეს. გამოძიება მისი ძალადობრივი ცხოვრების დეტალებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის ნოემბერში დიდის შეყვარებულმა კესი ვენტურმა სარჩელი შეიტანა, თუმცა განხილვის დაწყებამდე მან პროკურატურას უთხრა, რომ პარტნიორთან მოგვარდა და სარჩელი უკან გაითხოვა.
კესის წინააღმდეგ გასულ წელს დიდი და მისი გარემოცვა ავრცელებდნენ ხმებს, რომ ქალს თითქოს თანხის გამოძალვა სურდა და ამიტომ დასდო ბრალი, თუმცა ყველაფერი ნათელი CNN-ის ექსკლუზივის შემდეგ გახდა - ვიდეო სასტუმროს კამერებიდან ამოიღეს, დერეფანში რეპერი კესის ფიზიკურად უსწორდება. მასალა 2016 წლით არის დათარიღებული, რაც ამყარებს ქალის მონათხრობს, რომ დიდი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებულ ვიდეოზე მძიმეა კესის მხრიდან სხვა ბრალდებები, რაც გულისხმობს ძალდატანებით ნარკოტიკების მიღებასა და სექსმუშაკებთან ურთიერთობის დამყარებას, რასაც დიდი ასევე ვიდეო კამერებით იღებდა.
რეპერის დაჭერის შემდეგ თითქოს შიშის ფაქტორი გაქრა, რადგან კიდევ არაერთმა დაზარალებულმა ამოიღო ხმა. მათ შორისაა პროდიუსერი ლილ როდიც. გავლენიანი მუსიკალური გამოცემა "როლინგ სთოუნსი" აქვეყნებს ლილ როდისთან ინტერვიუს და 73-გვერდიანი სარჩელის დეტალებს, სადაც დიდის მხრიდან ლილ როდიზე ძალადობის ფაქტებია აღწერილი.
ლილ როდი ასევე ამხელს: ერთ ეპიზოდში დიდმა დაიტრაბახა, რომ მას ცნობილ მომღერლებთან ჰქონია სექსუალური კავშირი, მათ შორის აშერთან, რის შემდეგაც არქივიდან არაერთი ვიდეო გაიხსენეს სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეო, სადაც აშერი პაფ დედის 48 საათით გადასცემს ცნობილ მომღერალს ჯასთინ ბიბერს. გადასცემს - გულისხმობს, რომ დიდი 15 წლის ჯასთინთან გაატარებს ორ დღეს. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, ეს გამოძიების საკითხია და ამაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა ფაქტია, რომ ჯასთინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერალი ბევრს საუბრობს დეპრესიაზე, შფოთვებსა და შიშებზე, რომელიც თავს არ ანებებს. 4 წლის წინ არის ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ჯასთინს ბილი ეილიშთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან. პასუხის დროს ჯასტინს უჭირს ემოციების შეკავება.
ეს ყველაფერი არის მხოლოდ ვარაუდები და კონსპირაციული თეორიები, რადგან ჯასტინ ბიბერს თავად არ უსაუბრია. დღეს სოციალურ ქსელებში არაერთი მომღერლის სიმღერების ტექსტების გაშიფვრას ცდილობენ და ეძებენ მინიშნებებს, ხოლო ის, რაც გამოძიებამ დანამდვილებით იცის, არის წვეულებების ამბავი. პაფ დედი იგივე შონ კომბსი ინდუსტრიაში საუკეთესო წვეულებების მომწყობად მიიჩნეოდა, არაერთხელ შეუდარებიათ მისი საღამოები "გეთსბის წვეულებებისთვის", სადაც თითქმის ყველა ცნობილ სახეს აღმოვაჩენთ - მსახიობებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს.
ლეონარდო, ჯეიზი, ბიონსე, ჯეილო - სია ძალიან დიდია მათი, ვინც დიდის წვეულებებს ესწრებოდა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა, პირველი ოფიციალური იყო, რომელსაც ზოგჯერ მედიაც აშუქებდა და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, თუმცა მისი ე.წ. აფთერ ფართი მოიხსენიება როგორც "ფრიკოფ ფართები", სადაც, ამოღებული ნივთმტკიცებულებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სექსუალურ და ძალადობრივ აქტებს ჰქონდა ადგილი. ორგიებში ზოგი ნება-სურვილით მონაწილეობდა, უმეტეს შემთხვევაში კი. როგორც ამ დრომდე შეტანილ არაერთ სარჩელშია ნათქვამი - მოტყუებით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გავლენით უწევდათ წვეულების მონაწილეებს დარჩენა. ტერაბაიტობით ვიდეო მასალაა ამოღებული დიდის სახლიდან.
სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა - ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.
მტკიცებით ფორმაში დღეს ვერავინ იტყვის, ცნობილი სახეებიდან ვინ რჩებოდა და ვინ რა სახით მონაწილეობდა ამ ყველაფერში, რადგან გამოძიებას მათი სახელები არ გამოუაშკარავებია. დიდის წვეულებები, რომელიც 1998 წლიდან იმართებოდა, იყო ძალიან პრესტიჟული და ბევრი მასზე დასწრებაზე ოცნებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, ფავორიტი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, მაგრამ ბავშვობისდროინდელი თუ ამჟამინდელი წარმოდგენები საყვარელ მუსიკოსებზე თუ მსახიობებზე, გამოძიების დასრულებამდე თავზე ნუ ჩამოგვენგრევა, რადგან შესაძლოა, ისინი წვეულების ოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ და არაფერი იცოდნენ "ფრიკ ოფზე".