„ორსული სახლში მიიტყუეს და აწამეს...“ - 22 წლის ქალის მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს (უცხოეთი)

ლენტი

აშშ-ში, მიჩიგანში 22 წლის რებეკა პარკის მკვლელობის საქმეზე მის დედასა და მამინაცვალს ბრალი წაუყენეს.

ორივე მათგანი პირველი ხარისხის მკვლელობის, მძიმე დანაშაულის, წამების და ორსულ პირზე თავდასხმის მრავალ ეპიზოდშია ბრალდებული. ბრალდებები სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ორსულის ცხედარი პოლიციამ 25 ნოემბერს იპოვა.

გამოძიების მიხედვით, პარკის დედამ და მამინაცვალმა იგი 3 ნოემბერს საკუთარ სახლში მიიტყუეს და აწამეს.

„იმ დროს ქალი 38 კვირის ორსული იყო. მისმა დედამ და მამინაცვალმა, სავარაუდოდ, ორსული ჯერ არ დაბადებული ბავშვის ამოსაყვანად აწამეს“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გაკვეთამ აჩვენა, რომ ქალი სიკვდილისას ორსული აღარ იყო, რის გამოც ამ დრომდე იძებნება დაკარგული ჩვილი.