1767472059
ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში „მოსახლეობის უფლებების დასაცავად, რესპუბლიკური ინსტიტუტების სრული ფუნქციონირებისთვის და შეიარაღებულ ბრძოლაზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.
„მთელი ქვეყანა უნდა მობილიზდეს ამ იმპერიალისტური აგრესიის დასამარცხებლად“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ვენესუელა აშშ-ს თავდასხმაში ადანაშაულებს და „სამხედრო აგრესიას“ გმობს.
„ასეთი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – ნათქვამია ვენესუელის მთავრობის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის აგრესიის მიზანს ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისება წარმოადგენს.
თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. „სიბიესის“ ცნობით, ტრამპმა ვენესუელის დაბომბვის ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.












