ნეთანიაჰუ: შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ.

ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ნამსხვრევები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში დაეცა.

„დღეს კარდინალ პიცაბალას უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო სთხოვეს, აღდგომის ტაძარში მსახურება არ ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს შეშფოთება, როგორც კი შევიტყვე კარდინალ პიცაბალასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ დავავალე, რომ პატრიარქს მისცენ საშუალება, ჩაატაროს წირვა ისე, როგორც სურს“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.