ნეპალში, სკოლის დირექტორმა 900 მოსწავლე დამანგრეველი ღვარცოფისგან იხსნა

ნეპალი

ნეპალის ნუვაკოტის რაიონის საშუალო სკოლის დირექტორმა 900 მოსწავლე ნეპალ-ჩინეთის სასაზღვრო რეგიონში 26 აგვისტოს მომხდარი სასიკვდილო ღვარცოფისგან იხსნა, იუწყება The Guardian.

ტრიბჰუვან ტრიშულის საშუალო სკოლის დირექტორმა, რომელშიც 1 600 მოსწავლე სწავლობს, რაჯენდრა დავადიმ 26 აგვისტოს მოახლოებული ღვარცოფის შესახებ ოთხი გაფრთხილება მიიღო, მათ შორის ერთი მეზობელი ქალაქ ბეტრავატიდან. ამის შემდეგ დირექტორმა გაკვეთილები გააუქმა და ყველა მოსწავლეს დაუყოვნებლივ მაღალმთიან ადგილებში გადასვლა უბრძანა.

„გადავწყვიტე, რომ აღარ იყო გაჭიანურება საჭირო. წყალდიდობა რომ არ მომხდარიყო, ეს მხოლოდ ერთი სასწავლო დღე იქნებოდა“, - განმარტა დირექტორმა რაჯენდრა დავადიმ.

სანამ ევაკუაცია მიმდინარეობდა, დირექტორმა დაინახა, როგორ მოიცვა ღვარცოფმა საერთო საცხოვრებლის შენობა მდინარიდან დაახლოებით 100 მეტრში. მისი თქმით, მხოლოდ ათ-წუთიან დაგვიანებას შეიძლებოდა სკოლაში ყველა ადამიანის სიკვდილი გამოეწვია.

„მე და ჩემი თანაკლასელები სიკვდილამდე ფაქტობრივად ათი წამით ვიყავით მიახლოებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გადარჩენილმა მოსწავლემ, 16 წლის იუნიშამ. მისი თქმით, ბავშვები ბილიკზე გარბოდნენ, სანამ წყალი და ნანგრევები ქალაქს მოიცავდა. მეწყრიდან სამი დღის შემდეგ იუნიშა ოჯახს დაუბრუნდა.

სტიქია ნეპალის სხვა ნაწილებსაც დაატყდა თავს. დადინგში, წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში, სკოლის მოსწავლეების ჯგუფი გადარჩა, რადგან ისინი სადილის შესვენებაზე იყვნენ, როდესაც წყალდიდობა დაიწყო. სხვა სკოლებში მასწავლებლებმა მოახერხეს ბავშვების საკლასო ოთახებიდან გამოყვანა წყალდიდობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და უბრძანეს ჩანთებისა და სადილის ყუთების დაყრა და გაქცევა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ აცხადებს, რომ წყალდიდობამ ქვეყანაში მინიმუმ 69 სკოლა გაანადგურა ან დააზიანა, რამაც თითქმის 19 000 ბავშვი დააზარალა.