მზად ვართ მინსკში მივიღოთ - ლუკაშენკომ ბაიდენი მინსკში პუტინთან შესახვედრად მიიწვია

ლუკაშენკო

ბელორუსიის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრემლის ლიდერთან შესახვედრად მინსკში მიიწვია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ლუკაშენკოს აზრით, თუ ბაიდენი მინსკში ჩასვლაზე თანახმა იქნება, ყველა პრობლემა მოგვარდება.

„რატომ მიდის ბაიდენი პოლონეთში? რატომ მაინც და მაინც პოლონეთი? თუ მას აქვს სურვილი და უნდა, რომ მშვიდობა იყოს, მზად ვართ მინსკში მივიღოთ. პუტინიც კი ჩაფრინდება მინსკში და სამივე შევხვდებით - ორი აგრესორი და ერთი მშვიდობის მოყვარე პრეზიდენტი. რატომაც არა? ომის დასასრულებლად. თუ ომის დასრულება უნდა, ჩვენ მას მივიღებთ. პირობას გაძლევთ, სამივე დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. გთავაზობთ სრულ უსაფრთხოებას და კომფორტს. რაც მთავარია, კმაყოფილი გაფრინდება ის აქედან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუკაშენკომ.

ამასთან, თეთრმა სახლმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს 20-22 თებერვალს ეწვევა.