მოსკოვის მიერვე გამოცხადებულ 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტას თავად ოკუპანტები არღვევენ უკრაინაში - სუმის ოლქი ორჯერ დაიბომბა

უკრაინა

მოსკოვის მიერვე გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას თავად ოკუპანტები არღვევენ უკრაინაში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, რუსეთის თვითმფრინავებმა სუმის ოლქის მიმართულებით მართვადი ბომბები ორჯერ გაუშვეს, ღამით კი უკრაინის არაერთ ოლქზე შეტევა იყო. დრონით თავდასხმის შედეგად, პოლტავის ოლქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ქალაქ ჩერკასში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად; დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მხარეებს შორის 140-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან 40 ისევ პოკროვსკის მიმართულებითაა.