მომხმარებლებს, რომლებიც პოსტებს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე აქვეყნებენ, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას ავლენენ - კვლევა

სმარტფონები

ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რამდენ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელებში, არამედ ისიც, თუ როდის ვიყენებთ მათ. აღმოჩნდა, რომ ეკრანთან ღამით გვიანობამდე ყოფნა ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისი უარყოფითი ეფექტი შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა.

გამოცემა Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 310 ზრდასრული ადამიანის მიერ პლატფორმა X-ის გამოყენების ჩვევები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც პოსტებს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე აქვეყნებდნენ, გაცილებით უარეს ფსიქიკურ მდგომარეობას ავლენდნენ, ვიდრე დღისით აქტიური ადამიანები. ეს მიგნებები ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვების შესახებ აქამდე არსებულ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს.

მაგალითად, ავსტრალიამ 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე მიიღო. მსგავსი წინადადებები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით განიხილება; პოლიტიკოსები ამას ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მზარდი პრობლემებით ხსნიან. საინტერესოა, არის თუ არა გამოსავალი რეალურად ასეთი მარტივი? აღმოჩნდა, რომ მეცნიერება უფრო რთულ სურათს გვიხატავს.

სხვა კვლევები, რომლებშიც სოციალური მედიის გამოყენებასა შესწავლილი, ხან უარეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან კავშირს ავლენს, ხან უკეთესთან, ხანაც კი ცვლილება საერთოდაც არ შეინიშნება. ერთმა მასშტაბურმა ნაშრომმა ისიც კი აჩვენა, რომ სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ფსიქიკური ზიანი ძალზედ მცირე იყო.

ახალ კვლევაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტელეფონის გამოყენებისას განსხვავებულ ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ორმა ადამიანმა სოციალურ ქსელში ერთნაირი დრო გაატაროს, მაგრამ სრულიად განსხვავებულად მოიხმაროს ის — ერთი პასიურად ათვალიერებდეს, მეორე კი აქტიურად აქვეყნებდეს სტატუსებს ან სხვა ადამიანს შეტყობინებებს უგზავნიდეს.

სოციალური მედიის უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილების ერთი გზა მათი სრული აკრძალვაა. მართალია, ასე მისი მავნე ზეგავლენა სრულად გაქრება, მაგრამ მომხმარებლები ასევე პოტენციურ სარგებელსაც დაკარგავენ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა მეგობრების გასაჩენად სწორედ ასეთ პლატფორმებს იყენებს.

მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სოციალური მედია შეიძლება მხარდაჭერისა და დახმარების მთავარ წყაროდ იქცეს. მეორე მხრივ, გვიან ღამით გამოყენებამ შეიძლება ძილის რეჟიმისა და ხარისხის დაკარგვა გამოიწვიოს, რითაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება. კვლევის მიხედვით, ეს ზიანი სოციალურ ქსელში აქტიურად ყოფნისას (სტატუსების გამოქვეყნება, შეტყობინებების გაგზავნა) იმაზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პასიური თვალიერების დროს.

სოციალური მედიის უარყოფითი გავლენის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ და როდის მოიხმარენ ადამიანები მას. კვლევამ პლატფორმა X-ზე სწორედ ეს მონაცემები შეისწავლა და ისინი მომხმარებლების ფსიქიკურ მდგომარეობას შეადარა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პოსტის გამოქვეყნების დრო ფსიქიკურ კეთილდღეობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. აქტივობის დრომ მონაწილეებს შორის მენტალური კეთილდღეობის განსხვავებების დაახლოებით 2% ახსნა, რაც ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების ეფექტის მსგავსი მაჩვენებელია.

ღამით, 11-დან 5 საათამდე, სოციალურ ქსელში რეგულარულად აქტიურმა ადამიანებმა თვითშეფასებით იმაზე უარესი ფსიქიკური მდგომარეობა აღწერეს, ვიდრე მათ, ვინც პლატფორმას ძირითადად დღის საათებში მოიხმარენ.

თუ ღამით სოციალური მედიის გამოყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნამდვილად აზიანებს, მაშინ მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. TikTok-მა 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის უკვე დაამატა ფუნქცია "დასვენების დრო", რომელიც 10 საათის შემდეგ მთავარი გვერდის შიგთავსს მშვიდი მუსიკითა და სუნთქვითი ვარჯიშებით ანაცვლებს. დიდ ბრიტანეთში კი განიხილავენ კანონს, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალ პლატფორმაზე წვდომას ღამის 10 საათის შემდეგ სრულად შეზღუდავს.