1746007492
მკვდარი ფრინველები და სკინტლით სავსე ოთახები - ტუროპერატორმა ტურისტები 10 წლის წინ მიტოვებულ, ეგვიპტურ სასტუმროში განათავსა

ეგვიპტეში მოგზაურობა ათობით რუსეთიდან ჩამოსული ტურისტისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. დაპირებული ფუფუნებისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად, ისინი მიტოვებულ სასტუმროში განათავსეს, სადაც ანტისანიტარია და სრული უიმედობა სუფევდა.
როგორც SHOT PROVERKA-ს კოლეგებმა გაარკვიეს, მსხვილმა ტუროპერატორმა Anex Tour-მა, რომელიც ტურისტებს ვაუჩერებს „ფორტუნას“ სისტემის გამოყენებით ყიდდა (ანუ კომპანია დამოუკიდებლად ირჩევს სასტუმროს მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე), ისინი ყველა სანიტარიული სტანდარტის დარღვევით მიტოვებულ სასტუმროში განათავსა.
ტურისტები, რომლებიც ხუთვარსკვლავიან Amarina Star Resort-ში დასვენებას გეგმავდნენ, სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ოთახები სავალალო მდგომარეობაში იყო: ჭუჭყიანი, ცუდად განათებული, ობმოდებული, დამტვრეული ავეჯით. სასტუმროს ტერიტორია ნაგვით, მკვდარი ფრინველებითა და სკინტლით იყო მოფენილი, ზოგიერთი შენობა კი საცხოვრებლად საერთოდ არ გამოიყენებოდა. ამავდროულად, რუსებისთვის სამოგზაურო პაკეტების ღირებულება საშუალოდ 120-დან 180 ათას რუბლამდე მერყეობდა.
ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, ტური თავიდანვე არასწორად წარიმართა: რეგისტრაციას 5-დან 8 საათამდე დასჭირდა, ღამით კი, დახმარების გარეშე დარჩენილმა ტურისტებმა Anex Tour-თან დაკავშირება ვერ შეძლეს. ზოგიერთმა სხვა სასტუმროში ტრანსფერი თავად გადაიხადა. დილით, დანგრეულ შენობაში უკმაყოფილო ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვდნენ.
საბოლოოდ, ტურისტების ნაწილი სხვაგან გადაიყვანეს, თუმცა ბევრი, ძირითადად პენსიონერები, შეუფერებელ სასტუმროში დარჩა, რომელიც, მათი თქმით, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იყო მიტოვებული. Anex Tour არ პასუხობს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ტურისტები სარჩელის შეტანას და გამოძიების მოთხოვნას გეგმავენ. - წერს უცხოური მედია.