მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობას – მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესში აშშ შეთანხმების თავს მოხვევას არავისთვის არ გეგმავს.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გზის გავლა.

როგორც რუბიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო დახარჯა უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში.

„ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ დედამიწაზე არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და გარკვევა, არსებობს თუ არა ამ ომის მშვიდობიანად დასრულების გზა. ეს არის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამ ომზე. როგორც იცით, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ომზე უფრო მეტი შეხვედრა ჰქონდა უცხოელ ლიდერებთან და სხვებთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა თემაზე. ჩვენ უახლოეს მომავალში ვერცერთი მხარისგან  ვერ ვხედავთ დანებებას და ამიტომ მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს ამ ომის დასრულების შესაძლებლობას. მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება ორ რამეს მოითხოვს, ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ რაღაც დათმოს“, – განაცხადა რუბიომ.