1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აზიური ნემსიანი ჭიანჭველების (Brachyponera chinensis) ნესტარი ადამიანებში სასიკვდილო ალერგიულ რეაქციას იწვევს. ისინი აშშ-ში გამოჩენის შემდეგ თითქმის შეუმჩნევლად არსებობდნენ, თუმცა ენტომოლოგებმა რამდენიმე სამხრეთ-აღმოსავლური შტატიდან ახალი ინგლისისა და შუა დასავლეთის მიმართულებით ჭიანჭველების გავრცელება ახლახან დააფიქსირეს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) თანახმად, რადგან გაზაფხულის სეზონური გამრავლების პერიოდი ახლოვდება, საფრთხე არსებობს, რომ ჭიანჭველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო საგანგებო სიტუაციები გამოიწვიონ.
"კონკრეტული სახეობის ჭიანჭველებს მავნებლად უკვე სამედიცინო დონეზე მივიჩნევთ", — განაცხადა დენ სუიტერმა, ენტომოლოგიის პროფესორმა ჯორჯიის უნივერსიტეტიდან.
სუიტერის თქმით, მან აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნაკბენების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა ბოლო დროს შენიშნა. 2024 წელს პროფესორს სამი ისეთი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებშიც ამ მწერის ნაკბენმა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია. ეს რაოდენობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით მაღალია.
ანაფილაქსია მთელ სხეულზე გავრცელებულ მწვავე ალერგიული რეაქციაა. ის ზოგიერთ ადამიანში მედიკამენტების, საკვების ან მწერის ნაკბენის გამო ძალიან სწრაფად ვითარდება. მეიოს კლინიკის თანახმად, მისი სიმპტომებია სუსტი და სწრაფი პულსი, კანზე გამონაყარი და გულისრევა. ანაფილაქსია სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ის იმუნურ სისტემას კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოყოფისკენ უბიძგებს, რომლებიც სასუნთქ გზებს ავიწროებს და სუნთქვას აფერხებს. ამ ქიმიკატებს ასევე შეუძლია სისხლის წნევის ვარდნა გამოიწვიოს, რაც გულის გაჩერების რისკს ზრდის. ამ ეტაპზე, ცნობილი არაა, რამდენი ადამიანი მოკვდა აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნაკბენის შედეგად.
„ჭიანჭველები გავრცელებული მავნებლები არიან. სიტუაცია სერიოზულ სახეს იღებს მაშინ, როცა მწერის ნესტარი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, განსაკუთრებით თუ მას ანაფილაქსია ემართება", - ამბობს სუიტერი.
აზიური ნემსიანი ჭიანჭველები მცირე ზომის, მბზინავი, მუქ ყავისფერსა და შავს შორის გარდამავალი შეფერილობის ჭიანჭველები არიან. ისინი ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეიდან გავრცელდნენ. მწერები აშშ-ში პირველად 1932 წელს აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ისინი იქ გადაზიდვების გზით მოხვდნენ. USDA აცხადებს, რომ იმ დროისთვის ეს ჭიანჭველები სულ მცირე სამ სამხრეთ-აღმოსავლურ შტატში უკვე გავრცელებულნი იყვნენ.
აზიური ნემსიანი ჭიანჭველები აგრესიულები არ არიან და თავიანთ ბუდეებს ცეცხლოვანი ჭიანჭველების (Solenopsis) მსგავსად არ იცავენ. მიუხედავად ამისა, თუ ისინი ადამიანის ტანსაცმელში ან სხეულზე მოხვდებიან, შხამიან ნესტარს იყენებენ. სახეობის ამოცნობა გამოუცდელი თვალისთვის რთულია, თუმცა მოსახლეობამ ყურადღება მათ ნარინჯისფერ ანტენებსა და ფეხის წვერებს უნდა მიაქციოს.
სამწუხაროდ, ზუსტად არაა დადგენილ, ვინაა ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის ქვეშ. სუიტერი ამბობს, რომ უფრო მეტი ყურადღება მათ უნდა გამოიჩინონ, ვისი ორგანიზმიც სხვა მწერების ნაკბენზე რეაგირებს. USDA-ს მიხედვით, ადამიანი ალერგიულია თუ არა, აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნესტარი კბენის ადგილზე ყველა შემთხვევაში ძლიერ ტკივილს იწვევს.
ამ ჭიანჭველების გავრცელების შესაზღუდად გარკვეული ზომები არსებობს, თუმცა USDA-ს განცხადებით, ასეთი მცდელობები უკიდურესად ძვირად ღირებულია. აზიური ნემსიანი ჭიანჭველები მორების, ქვების ან ფოთლების ქვეშ ბუდობენ, თუმცა ასევე შეიძლება შეშის გროვებშიც აღმოჩნდნენ. ისინი სხვა ჭიანჭველებისგან განსხვავებით გადაადგილებისას ჯაჭვს არ ქმნიან, არამედ მარტო და ქაოსურად დადიან.
„ეს არსება უბრალოდ აქეთ-იქით დახეტიალობს", - ამბობს მეცნიერი - „ისე გამოიყურება, თითქოს დაკარგულია".