მიმდინარე კვირაში ვენესუელის მთავრობა ოფიციალურად ვაღიარეთ, უზარმაზარი რაოდენობით ნავთობს ვიღებთ, ჩვენ ასევე ველოდებით დიდ ცვლილებას, რომელიც კუბაში მოხდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ვენესუელის ახალ პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მიმდინარე კვირაში ვენესუელის მთავრობა ოფიციალურად ვაღიარეთ, უზარმაზარი რაოდენობით ნავთობს ვიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, დელსი როდრიგესი აშშ-თან თანამშრომლობით შესანიშნავ საქმეს აკეთებს.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ვენესუელის ახალ პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან ჩვენთან თანამშ. ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს, რადგან ჩვენთან თანამშრომლობს. ჩვენთან რომ არ მუშაობდეს, არ ვიტყოდი, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, ვიტყოდი, ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს, მაგრამ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ჩვენ უზარმაზარი რაოდენობით ნავთობს ვიღებთ. ისინი ახლა უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ოდესმე თავიანთი ქვეყნის ისტორიაში. წარმოგიდგენიათ? ჩვენც ვიღებთ გარკვეულ რაოდენობას. სიამოვნებით ვაცხადებ, რომ მიმდინარე კვირაში ოფიციალურად ვაღიარეთ ვენესუელის მთავრობა. ფაქტობრივად, ისინი იურიდიულად ვაღიარეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ვენესუელასთან მიღწეულია ისტორიული შეთანხმება სახელწოდებით „ოქროს შეთანხმება ვენესუელასთან“.

„ჩვენს ქვეყანებს რომ საშუალება მიეცეს იმუშაონ ვენესუელის ოქროსა და სხვა მინერალების გაყიდვის ხელშესაწყობად. მათ აქვთ დიდი რაოდენობით ოქრო, კარგი მიწა, ძალიან კარგი მიწა, მაგრამ სისტემა არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლათ მიწის ღირებულებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ვენესუელაში ისტორიულ ტრანსფორმაციას მიაღწევს, მოუთმენლად ელოდება დიდ ცვლილებას კუბაში.

„ვენესუელაში ისტორიულ ტრანსფორმაციას როდესაც მივაღწევთ, ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით დიდ ცვლილებას, რომელიც კუბაში მოხდება. კუბა ზღვარზეა. მათ ფული არ აქვთ, ნავთობი არ აქვთ. ცუდი ფილოსოფია აქვთ, ცუდი რეჟიმი აქვთ. მოლაპარაკება სურთ და ისინი მარკოსთან, ჩემთან და ზოგიერთ სხვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმება ძალიან ადვილად დაიდება. ახლა ჩვენი ყურადღება ირანისკენაა მიმართული“, – განაცხადა ტრამპმა.