მეცნიერებმა ანგოლაში მწერებისა და ობობების ათობით აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

ობობა

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ანგოლაში ათობით სახეობის მწერი და ობობა აღმოაჩინა, რომლებიც შესაძლოა მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყოს.

CNN-ის ცნობით, ექსპედიცია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლისიმას პლატოზე მუშაობდა. მეცნიერები ამ რეგიონს აფრიკაში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ უდიდეს და ნაკლებად შესწავლილ მონაკვეთად მოიხსენიებენ.

კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 16 სპეციალისტი მონაწილეობდა. მუშაობის დროს მათ აღმოაჩინეს გვირგვინოსანი ობობა, რომელიც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ლურჯად ანათებს. ასევე, მეცნიერებმა იპოვეს ობობა, რომელიც გარეგნულად შხამიან ჭიამაიას ჰგავს.

გარდა ამისა, ექსპედიციამ დააფიქსირა ტოლფრთიანი და სხვადასხვაფრთიანი ნემსიყლაპიების 103 სახეობა. წინასწარი მონაცემებით, მათი ნაწილი სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე აღწერილი არ ყოფილა.

ლისიმას პლატოს ბიომრავალფეროვნება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მკვლევართა თვალთახედვის მიღმა რთული რელიეფისა და დაჭაობებული ადგილმდებარეობის გამო. დამატებით დაბრკოლებად იქცა ანგოლის სამოქალაქო ომიც, რომელიც 27 წელს გრძელდებოდა და 2002 წელს დასრულდა.