მეცნიერები ასახელებენ ასაკს, როდესაც თქვენი ტვინი შესაძლებლობების პიკს აღწევს

ტვინი

ასაკის მატების შიში ნებისმიერი ადამიანისთვის ბუნებრივი ფენომენია და ალბათ ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია. ხანში შესვლასთან ერთად ბევრი ფიქრობს, რომ მათთვის აუცილებელი უნარები ნელ-ნელა გაქრება.

ამის მიუხედავად, ჟურნალ Intelligence-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობისთვის საერთო გონებრივი ფუნქციონირება პიკს 55-დან 60 წლამდე ასაკში აღწევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ რთული პრობლემების გადაჭრისა და ლიდერული უნარების გამოვლენისთვის საუკეთესო დრო სწორედ ამ ასაკობრივ დიაპაზონშია.

არსებობს მრავალი კვლევა, რომლებშიც მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სხეული თავის პიკს 20-30 წლის ასაკში აღწევს. ბევრი მათგანი ასევე აჩვენებს, რომ ადამიანების პირველადი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ანუ სწრაფად აზროვნების, მეხსიერებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარები, გაუარესებას ოცდახუთი წლის ასაკიდან იწყებს.

ეს ფაქტი რეალური სამყაროს მაგალითებითაც მტკიცდება. სპორტსმენები კარიერულ პიკს, როგორც წესი, 30 წლის ასაკში აღწევენ. მათემატიკოსები ხშირად ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომებს ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ან მანამდე ქმნიან. ჭადრაკის ჩემპიონები კი 40 წლის შემდეგ კარიერულ მწვერვალზე იშვიათად არიან ხოლმე.

ამის მიუხედავად, ახალი კვლევა განსხვავებულ სურათს აჩვენებს. იგი აზროვნების უნარის მიღმა არსებულ ისეთ ფსიქოლოგიურ თვისებებზე კონცენტრირდებოდა, რომლებიც კარგად არის დოკუმენტირებული, მუდმივია და რომელთა გაზომვაც შეიძლება. კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ძიებამ 16 ფსიქოლოგიური განზომილება გამოავლინა, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

ამ მახასიათებლებში ისეთი ძირითადი კოგნიტიური შესაძლებლობები შედიოდა, როგორებიცაა აზროვნება, მეხსიერების დიაპაზონი, დამუშავების სიჩქარე, ცოდნა და ემოციური ინტელექტი. ამის გარდა მახასიათებლები ეგრეთ წოდებულ "დიდ ხუთეულსაც" მოიცავდა. ესაა ხუთი პიროვნული თვისება — ექსტრავერსია, ემოციური სტაბილურობა, კეთილსინდისიერება, გამოცდილებისადმი ღიაობა და შეთანხმებისადმი ღიაობა.

აღმოჩნდა, რომ მკვლევრების მიერ გაზომილი რამდენიმე თვისება პიკს სიცოცხლის გაცილებით გვიან ეტაპზე აღწევს. მაგალითად, კეთილსინდისიერება პიკს დაახლოებით 65 წლის ასაკში აღწევდა. ემოციური სტაბილურობა კი ყველაზე აქტიური დაახლოებით 75 წლის ასაკში იყო.

როგორც ჩანს, შედარებით ნაკლებად ცნობილი ცნებებიც კი, როგორიცაა მორალური აზროვნება, პიკს მოწიფულ ასაკში აღწევს. კოგნიტიური მიკერძოებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი კი შეიძლება 70-80 წლის ასაკშიც კი გაუმჯობესებულიყო.

მას შემდეგ რაც მეცნიერებმა 16-ვე განზომილება შეაფასეს გასაოცარი სურათი გამოიკვეთა — საერთო გონებრივი ფუნქციონირება პიკს 55-დან 60 წლამდე ასაკში აღწევდა, ხოლო კლება დაახლოებით 65 წლიდან იწყებოდა. ეს კლება უფრო აშკარა 75 წლის ასაკის შემდეგ ხდებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გვიან ასაკში გონებრივი ფუნქციონირების შემცირება შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

ეს დასკვნები შესაძლოა დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ უკავიათ ხშირად ბიზნესში, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წამყვანი როლები 50-60 წლის ასაკში მყოფ ადამიანებს. ასე რომ, მაშინაც კი, როცა ასაკთან ერთად ზოგიერთი უნარი სუსტდება, ისინი სხვა მნიშვნელოვანი თვისებების გაუმჯობესებით ბალანსდება. ეს ძლიერი მხარეები უკეთესად განსჯისა და უფრო მოზომილი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას უწყობს ხელს.

მაშასადამე, საერთო კოგნიტიური ფუნქციონირება არ არის მხოლოდ ასაკზე დამოკიდებული. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებული შეფასებები ინდივიდების ფაქტობრივ შესაძლებლობებსა და თვისებებზე უნდა ფოკუსირდეს და არა ასაკზე დაფუძნებულ ვარაუდებზე.