1784140859
მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ეს დაფინანსება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპაში ნაციონალისტური ძალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში. ამ პრინციპს ყოველთვის ვიცავთ“, - განაცხადა მერცმა. „შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ“, - დასძინა მან.
ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 5-მილიონიანი დაფინანსების სქემა წარადგინა, რომელიც ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის, კანონის უზენაესობის, სიტყვისა და პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განვითარებას ისახავს მიზნად.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრანტის მიმღებებმა, საერთო პოლიტიკური ღირებულებებისა და დასავლური ცივილიზაციური მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული სუვერენიტეტი, მიგრაცია, ცენზურა და სამართლებრივი მანიპულაციები.











