წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა... - ამინდი უარესდება
1782653359
ათენის გარეუბან კალითეაში მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ საბერძნეთი შეძრა. თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული 17 წლის მოზარდი იყო, რამაც გამოძიება და მსხვერპლის ოჯახი დიდ შეცდომაში შეიყვანა. რეალურად, გარდაცვლილი სულ რაღაც 15 წლის პარი (პანოსი) აღმოჩნდა. მისმა დედამ, რომელიც შვილს 10 საათზე მეტხანს უშედეგოდ ეძებდა, მობილური ტელეფონის ლოკაციით დაადგინა, რომ ბავშვი კალითეას რაიონში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა იცოდა მკვლელობის შესახებ, გავრცელებული არასწორი ასაკის (17 წლის) გამო, მას ეგონა, რომ მისი შვილი უბრალოდ პოლიციაში იყო დაკავებული.
საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მოზარდის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოახდინეს, დედა კი საავადმყოფოში დაიბარეს, სადაც მას უმძიმესი სურათი დახვდა, შვილის ცხედრის დანახვისას ქალი საავადმყოფოს დერეფანში გონებადაკარგული დაეცა.
პოლიციის ინფორმაციით, მასობრივ ჩხუბში, რომელიც მოედანზე გავლენის მოპოვების გამო დაიწყო, სულ 17 ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად კალითეას მცხოვრებთა 8-კაციანი ჯგუფი 3 მოზარდს დაუპირისპირდა. რიცხობრივი უმცირესობის გამო, მეორე მხარემ დამხმარე ძალას უხმო, რომელთაც, სავარაუდოდ, მოკლული 15 წლის ბიჭიც შეუერთდა. სიტუაცია მალე კონტროლიდან გამოვიდა, სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს.
სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 7 ეჭვმიტანილი. მათ შორის არის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის მოზარდი, რომელმაც დანაშაული აღიარა. დაკავებული აცხადებს, რომ მსხვერპლს დანა თავდაცვის მიზნით დაარტყა, რადგან ის თავად მოდიოდა მისკენ იარაღით და ვერც კი გააცნობიერა, რომ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ჩხუბის ადგილზე ერთი დანა იპოვა, თუმცა ბრალდებული ამტკიცებს, რომ მკვლელობის იარაღი მან ინციდენტის შემდეგ ნაგავში გადააგდო. სამართალდამცველები საქმის ძირითად მტკიცებულებას ამ დრომდე ეძებენ.