მედვედევი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება

მედვედევი

ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს. ინტერვიუში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუკი პუტინი მის ქვეყანაში ჩავა, მას დააკავებენ.

„გასაგებია, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც არასდროს განხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ის განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი ჩავიდა დავუშვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და ის დააკავეს. რა არის ეს? რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. უკვე ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალებები გაფრინდება ბუნდესტაგისკენ, კანცლერის ოფისისკენ და ა.შ. მას ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, რომ ეს არის ომის გამოცხადება? თუ ის ცუდად სწავლობდა?“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა ჰააგის სასამართლოს უწოდა „სამართლებრივი არარაობა, რომელსაც თავისი შექმნის დღიდან არსებითი არაფერი გაუკეთებია“.