მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე" - კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მეუღლე მკვლელზე

ჩარლი კირკის მეუღლე

მოკლული კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. არიზონაში "სთეით ფარმ სთეიდიუმზე" შეკრებილებს მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა, კირკის მეუღლემ და მხარდამჭერებმა.

კირკის მეუღლემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მკვლელს ჩადენილი დანაშაული აპატია.

"მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე. სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის", - აღნიშნა ჩარლი კირკის მეუღლემ.

ტრამპმა კირკის მკვლელობაში "რადიკალი მემარცხენეები" დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, აქტივისტი იმის გამო მოკლეს, რომ ის სიმართლეს საუბრობდა.

ტრამპი ამბობს, რომ კირკი რთულ და სახიფათო პირობებში მუშაობდა. უნივერსიტეტის კამპუსში მისი მისამართით იყო მუქარები, უამრავი გაბრაზებული რადიკალი ცდილობდა მის გაჩუმებას, რისთვისაც, ტრამპის თქმით, ისინი ბევრ ფულს იღებდნენ.

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს რადიკალურ მემარცხენე ქსელებს, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ.

"იარაღი მისკენ იყო მიმართული, თუმცა ტყვია - ყველასკენ" - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კირკი პოლიტიკური მოტივით მოკლეს.